Android სმარტფონების სამყაროში Samsung-ის “S” სერია ყველაზე გაყიდვადია, თუმცა ბოლო პერიოდში თითქოს არ იგრძნობა ტექნოლოგიური განვითარება. ბოლო ფლაგმანური სმარტფონის Galaxy S23 Ultra-ს მახასიათებლებს თუ გადავხედავთ, ტექნიკური მახასიათებლებით, განახლებების პერიოდით და “პროგრამული” განვითარებით ჩამორჩება კონკურენტებს. მოდით ერთად გადავავლოთ თვალი სიახლეებს და ვნახოთ რა გველოდება 17 იანვრის Samsung-ის ღონისძიებიდან, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი ფლაგმანური სმარტფონები.
დიზაინი
Galaxy S24 Ultra-ში აღარ იქნება მორკალური ეკრანი და ამჯერად ტრადიციული ფორმის ეკრანს ვიხილავთ კორპუსზე სიმეტრიულად განთავსებულს. კორპუსის ზომები დაახლოებით იგივე დარჩება, თუმცა სმარტფონის საერთო წონა ტიტანის კორპუსის ხარჯზე შემცირდება. დიახ, კონკურენტის iPhone 15 Pro სერიის საპასუხოდ Samsung-ი თავის სამივე ფლაგმანურ სმარტფონს Galaxy S24 სერიას ტიტანის კორპუსით წარმოგვიდგენს.
სმარტფონის უკანა პანელზე წარმოდგენილი დიზაინი და ასევე დინამიკის დიზიანი რჩება იგივე. ერთი შეხედვით რენდერებში მომხმარებლებს დარჩებათ შთაბეჭდილება, რომ დიზაინი წინა ფლაგმანების ინდეტურია, თუმცა რეალურ მომხმარებაში იგრძნობენ სხვაობას, რადგან ეკრანის სიმეტრიულობა და ტიტანის ჩარჩოები აუცილებლად მოგვცემს იმ სხვაობას, რის გამოც შეიძლება ნებისმიერ მოხმარებელს გაუჩნდეს შეძენის სურვილი.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტი
თანამედროვე სამყაროში სტანდარტული სისტემური მხარდაჭერით ვერცერთი ბრენდი ვეღარ გააკვირვებს მოხმარებლებს. ეს მოცემულობა დღის წესრიგში Google-მა დააყენა თავის ახალ Pixel 8 სერიის ფლაგმანურ სმარტფონების სახით. Google-ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი დროთა განმავლობაში სწავლობს მომხმარებლის მიერ გამოყენებულ ფუნქციებს და შესრულებულ დავალებებს, შემდეგ კი მაქსიმალურად უმარტივებს სმარტფონის გამოყენებას თავის მფლობელს. უამრავ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციონალთან ერთად Google-ი გვთავაზობს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც აუმჯობესებს ყველა იმ ფუნქციას, რომელიც განთავსებულია სმარტფონში. ყოველ ახალ განახლებაში კი უმჯობესდება კამერა, ბატარეა და ემატება გარკვეული ფუნქციები.
ამის საპასუხოდ Samsung-ი Galaxy S24 სერიაში შემოგვთავაზებს თავის ახლად დაანონსებულ გენერაციულ AI ტექნოლოგიას Samsung Gauss-ს, რომელიც კონკურენციას გაუწევს Google-ს(მოისაზრება Google-ის კონკურენტად).
სხვა ტექნიკური მახასიათებლები
Galaxy S24 Ultra-ში Snapdragon 8 Gen 3-ის ჩიფსეტს ვიხილავთ, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მძლავრ ჩიფსეტად ითვლება და Samsung-ის შემთხვევაში კიდევ უფრო მომატებული სიხშირეებით იქნება წარმოდგენილი. სტანდარტულ S24 და S24+-ში ევროპულ ვერსიაში წარმოდგენილი იქნება Samsung-ის დამზადებული Exynos 2400-ის ჩიფსეტი. ასევე უნდა ველოდოთ UFS 4.0 შესანახ და LPDDR5T ოპერატიულ მეხსიერებას.
კამერის მახასიათებლებში S24 Ultra-ს შემთხვევაში კვლავ 200 მეგაპიქსელიან სენსორს ვიხილავთ, არ გაიზრდება სენსორის და პიქსელების ზომა, თუმცა გაუმჯობესდება ტექნოლოგია, დაიხვეწება და კიდევ უფრო უკეთესად ოპტიმიზირებული სახით წარმოგვიდგება. 10X ოპტიკური ზუმის ნაცვლად ამჯერად 5X ოპტიკური ზუმი იქნება წარმოდგენილი, თუმცა 10 მეგაპიქსელიანი სენსორის ნაცვლად 50 მეგაპიქსელიანი სენსორი იქნება.
სისტემური განახლება
Samsung-ი პირველი Android სმარტფონების მწარმოებელი იყო, რომელმაც 4 წლიანი სისტემური განახლების ციკლი შემოგვთავაზა, შემდეგ Oppo-მ და Xiaomi-მ უპასუხეს ამ კონკრეტულ კონკურენციას. Samsung-ამდე Google-ს ჰქონდა 3 წლიანი სისტემური და 5 წლიანი უსაფრთხოების განახლების ციკლი, ხოლო Apple-ს 5 წლიანი სისტემური განახლების ციკლი. ახლა კი Google-ი ერთადერთი ბრენდია, რომელსაც Pixel 8 სერიის სმარტფონებში 7 წლიანი სისტემური განახლების ციკლი აქვს. 7 წელი შესაძლოა არ იყოს მნიშვნელოვანი მოხმარებლისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გრძელვადიან პერიოდში მომხმარებლის სმარტფონი მხარდაჭერილი იყოს მწარმოებლისგან და არ იქმნებოდეს რაიმე სახის უსიამოვნო პრობლემა. როგორც ცნობილია, Samsung-ი კიდევ ერთხელ აპირებს ამ ციკლის გაზრდას და შესაძლოა ამ ეტაპისთვის 5 წლიანი განახლების ციკლი შემოგვთავაზოს.