ტრადიციულად სექტემბერში Apple-ის ახალი ფლაგმანური სმარტფონები გამოდის. დიახ, iPhone 14 სერიის გამოსვლამდე მხოლოდ 5 თვე დარჩა და გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები ცნობილია. ასევე ცნობილია დიზაინის მონახაზები და რამდენიმე ფოტო რენდერებიც გავრცელდა, რის საშუალებითაც წარმოდგენა გვექმნება თუ როგორი იქნება ახალი თაობის iPhone-ები. მოცემულ სტატიაში გაგაცნობთ რას უნდა ველოდოთ iPhone 14 სერიის მახასიათებლებისგან, რა ფუნქციებს ვიხილავთ მასში და რა ეღირება.
ინსაიდერულ ინფორმაციებს თუ დავეყრდნობით, წელს კვლავ 4 მოდელს ვიხილავთ, თუმცა მათ შორის არ იქნება mini ვერსია. Apple-ის ახალი ფლაგმანური სმარტფონები იქნება iPhone 14, 14 Max, 14 Pro და 14 Pro Max. iPhone 14-ს და 14 Pro-ს 6.1 დიუმის ზომის ეკრანები ექნებათ, ხოლო iPhone 14 Max-ს და iPhone 14 Pro Max-ს 6.7 დიუმის ზომის. მათი ღირებულება ტრადიციული 799, 899, 999 და 1099 დოლარები იქნება.
როგორც ცნობილია, წელს ახალი თაობის A16 Bionic ჩიფსეტი მხოლოდ Pro ვერსიის მოდელებს ექნებათ, ხოლო სტანდარტულ მოდელებს A15 Bionic ჩიფსეტით ვიხილავთ.
ფოტოებზე თქვენ ხედავთ iPhone 14 Pro სერიის დიზაინის. გაიზარდა კორპუსის სისქე და კამერის მოდულის ზომები. წინა პანელზე ვხედავ კამერის და სენსორების ჭრილს ეკრანში, ეს არის ახალი დიზაინის მთავარი ღირსება. კორპუსის სისქის გაზრდასთან ერთად, გაიზრდება ბატარიის მოცულობაც, რაც იმას ნიშნავს, რომ iPhone-ების ბატარიის გამძლეობა უკონკურენტოდ დარჩება, რადგან iPhone 13 სერიის ბატარიის მოხმარების მაჩვენებელი საუეკთესო შედეგებს დებს სმარტფონების სამყაროში.
Pro სერიაზე Sony-ს ახალ 48 მეგაპიქსელიან 1/1.3 დიუმის ზომის კამერის სენსორს ვიხილავთ 1.22 მიკრონის ზომის პიქსელებით. კამერის სენსორის ზომა 1/1.65-იდან 1/1.3 დიუმამდე გაიზარდა, თუმცა პიქსელების ზომა 1.9 მიკრონიდან 1.22 მიკრონამდე შემცირდა, 12 მეგაპიქსელამდე თუ შევკუმშავთ გადაღების პროცესს, 1.22 მიკრონიდან 2.44 მიკრონამდე გაიზრდება პიქსელების ზომა, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ 4K ვიდეო გადაღებას უკეთესი შედეგები ექნება, ვიდრე 8K ვიდეო გადაღებას, რადგან 8K ვიდეო გადაღების დროს პიქსელებს ვერ შევკუმშავთ 12 მეგაპიქსელამდე(8K ვიდეო გადაღებას ესაჭიროება მინიმუმ 32 მეგაპიქსელიანი კამერა, ხოლო სტანდარტულ 4K ვიდეო გადაღებას 8.3 მეგაპიქსელიანი კამერა).
ზემოთ მოცემულ ფოტოზე თქვენ ხედავთ iPhone 14 და 14 Max-ის დიზაინს. როგორც ჩანს, iPhone 13-ის დიზიანიდან არაფერი შეცვლილა. კამერის და ჩიფსეტის მახასიათებლებიც იგივე რჩება. არც ახალი mini მოდელის გამოსვლის აუცილებლობა არსებობს წელს. Apple-ს გეგმაში აქვს ახალი კომპაქტური მოდელი 2023 წლის iPhone SE-ს სახით მოგვივლინოს.